შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტრო დაიცავს
შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტრო დაიცავს

შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება შიდა ქართლის გუბერნიის აპარატმა და თავდაცვის სამინისტრომ მიიღეს.

უწყებებს შორის მოლაპარაკება რამდენიმე კვირის წინ, მემორიალის ვანდალურად დარბევის ფაქტის შემდეგ დაიწყო.

შინდისში იმყოფებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„დღეიდან, შინდისის გმირების მემორიალს თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები დაიცავენ. თქვენ იცით, რომ ცოტა ხნის წინ ვანდალურად იქნა დარბეული მემორიალი. ეს იყო თითოეული ჩვენგანის შეურაცხყოფა, ფაქტი, რომელიც აღარასდროს უნდა განმეორდეს. ჩვენი გმირების სათანადოდ დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია, ეს ღირსების საქმეა“, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შინდისის გმირთა მემორიალი 2018 წლის 28 სექტემბერს დაარბიეს. გმირთა მემორიალს პირვანდელი სახე მეორე დღესვე დაუბრუნდა.