შინდისის გმირების მემორიალის მშენებლობა გრძელდება
შინდისის გმირების მემორიალის მშენებლობა გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირი ქართველი სამხედროების მემორიალის მშენებლობა გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის გასაგრძელებლად უწყებამ ასი ათასი ლარი გამოყო.

მემორიალის იდეის ავტორი ედმონდ მინაშვილი და მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მშობლებს დღეს შინდისში შეხვდნენ. მოქანდაკემ და იდეის ავტორმა შინდისში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს პროექტის გაგრძელების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნეს.

მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის განცხადებით, სამუშაოების პირველი ეტაპი და მეტალის ფიგურების დამზადება ორ თვეში დასრულდება.

2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნება.