შინაური ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენა-დაკაწვრისას მეპატრონე 800 ლარით დაჯარიმდება
შინაური ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენა-დაკაწვრისას მეპატრონე 800 ლარით დაჯარიმდება

შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის წესების დარღვევასა და მისთვის არაკეთილსაიმედო საარსებო პირობების შექმნაზე ფულადი ჯარიმა წესდება.

შესაბამისი ცვლილებები საკანონმდებლო პაკეტის სახით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს, რომლის ინიცირება, საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, 13 მაისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის, მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის წესების დარღვევა გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის-მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ცვლილებებით, დეკორატიული ჯიშის გარდა, ძაღლების გასეირნება საზოგადოებრივ ადგილებში (ბულვარში, სკვერში, პარკში, პლაჟზე და ა.შ) კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის-მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, პროექტით, მძღოლის მიერ პოლიციისთვის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული ან დაღუპული შინაური ბინადარი ცხოველის შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ინიციატივით, კონკრეტდება, რომ შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს სახით, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ტრანსპორტირების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამასთან, კანონპროექტით, შინაურ ბინადარ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისთვის აუცილებელი მოთხოვნების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, შინაური ბინადარი ცხოველის მოკვდინებისთვის დასაშვები წესების დარღვევა კი, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

ასევე, ცვლილებებით განსაზღვრულია ჯარიმები შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონის/მფლობელის მიერ განზრახ მიტოვებაზეც, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ჯარიმებია გათვალისწინებული გარეული ცხოველების შეჯვარებაზე შინაურ ბინადარ ცხოველებთან. პროექტით, ეს კანონდარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო გენეტიკური სნეულებების, თანდაყოლილი ხარვეზებისა და პათოლოგიების მქონე გენეტიკურად არასრულფასოვანი შინაური ბინადარი ცხოველების გამრავლება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ცვლილებებით, შინაური ბინადარი ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურება, თუ მეპატრონე-მფლობელი მყისიერად (დაუყოვნებლივ და სრულად) არ დაასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას, გამოიწვევს მეპატრონის-მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, ინიციატივით, შინაური ბინადარი ცხოველის სარეალიზაციო ობიექტისადმი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, გამოიწვევს მესაკუთრის-მფლობელის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო შინაური ბინადარი ცხოველის რეალიზაციის წესების დარღვევა, გამოიწვევს რეალიზატორის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ შინაური ბინადარი ცხოველის ყოლის, მოვლა-პატრონობის და პოპულაციების მართვის წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოყვა ადამიანის ან ცხოველის დაკბენა-დაკაწვრა ან სხვა პირის ინტერესებისთვის ზიანის სხვაგვარი მიყენება, გამოიწვევს ცხოველის მეპატრონის-მფლობელის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კახაბერ კუჭავა, ზაზა ხუციშვილი, ოთარ დანელია, ენძელა მაჭავარიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა ლურსმანაშვილი, სულხან მახათაძე, გოგი მეშველიანი, ლევან კობერიძე და გიორგი ხატიძე არიან.