ავტორიზაციის საბჭო უახლოეს სხდომაზე, შსს-ს აკადემიისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს განიხილავს
ავტორიზაციის საბჭო უახლოეს სხდომაზე, შსს-ს აკადემიისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს  განიხილავს

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უახლოეს სხდომაზე,  სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს განიხილავს. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციის აკადემია უმაღლესი სასწავლებლიდან პროფესიულ კოლეჯად გადაკეთდება და საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს აღარ განახორციელებს.

ცვლილებების შემუშავება სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესით არის განპირობებული. აკადემია მთლიანად პროფესიული მომზადების კომპონენტის გაძლიერებაზე გადადის.

პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა მესამე მოსმენით 21 ივლისს დაამტკიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი განცხადებით, შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პოლიციელთა მომზადება და მართლწესრიგის დაცვა, თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავება აკადემიის მატერიალური და ადამიანური რესურსების მთლიანად პროფესიული მომზადების/გადამზადებისკენ მიმართვას მოითხოვს და პროფილის შეცვლის აუცილებლობაც ამით არის განპირობებული.

აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები კი სწავლას სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო დღევანდელ სხდომაზე პოლიციის აკადემიის საკითხის გარდა, შპს საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-სთვის ავტორიზაციის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის) გაუქმების თემასაც განიხილვენ. შედეგად საქართველოს ბიზნესის აკადემიაც პროფესიულ კოლეჯად გადაკეთდება.

დატოვე კომენტარი