შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1997 წელს დაბადებული ა.მ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტროსადენებს და კვების ბლოკს, რითიც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.