შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ჰ.გ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში, სამღებროს ქუჩაზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰ.გ.-ს ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები სისტემატიურად შემოჰქონდა და მის რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე, ძირითადად ფონიჭალაში ახორციელებდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.