შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიამ ტაბატაძე თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიამ ტაბატაძე თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მარიამ ტაბატაძე თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსთან, მაჰმუთ დემირთაშთან.

„მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

მარიამ ტაბატაძემ მადლობა გადაუხადა თურქეთის ეროვნული პოლიციის უფროსს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და არსებული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

სტამბოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენას, „IDEF 2025“-ს დაესწრო, ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო აღჭურვილობები დაათვალიერა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებისა და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.