შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივანს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივანს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შვედეთის სამეფოს იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრის მოადგილეს, სახელმწიფო მდივანს ლარს ვესტბრატს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო მდივანს მადლობა გადაუხადა შვედეთის სამეფოს მთავრობის მიერ საქართველოს მტკიცე და უწყვეტი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა შვედეთის სამეფოსთან სამართალდაცვით სფეროში არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მისი წარმატებით განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და დაიგეგმოს ერთობლივი ღონისძიებები არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კუთხით.