შიმკენტი-ქუთაისი-შიმკენტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განახლდება
შიმკენტი-ქუთაისი-შიმკენტის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განახლდება

19 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlysArystan-ი შიმკენტიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულებას განაახლებს.

შიმკენტი – მეოთხე მიმართულებაა, სადაც დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში მოხვედრა ხვალიდან, კვირაში ორი სიხშირით, ოთხშაბათსა და შაბათს კვლავ იქნება შესაძლებელი.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, შიმკენტი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები ნოემბერში შეჩერდა და ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლოდან კვლავ აღდგება, რაც გაერთიანების განცხადებით, მიანიშნებს, რომ ავიაკომპანია FlysArystan-ი ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას აძლიერებს.

FlyArystan დღეისთვის ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ასრულებს ატირაუდან, აქტაუდან და დედაქალაქ ნურ-სულთანიდან. ჯამურად, ყაზახეთის მიმართულებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამ ეტაპზე, ფრენები კვირაში 12 სიხშირით სრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, შესაძლოა სიხშირეების რაოდენობა გაიზარდოს.

ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართულებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. ავიაკომპანია FlyArystan-მა 2021 წელს დაიწყო ოპერირება დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში და დღემდე წარმატებით ოპერირებს. გასული წლის განმავლობაში ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით, ავიაკომპანიამ 67,551 მგზავრი გადაიყვანა და 297 რეისი შეასრულა.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა და AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ოპერირებას ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ახდენს.