შიფრინმა სეზონში პირველი სლალომი წააგო
შიფრინმა სეზონში პირველი სლალომი წააგო

ფინეთის ქალაქ ლევიში სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი გაიმართა. ამჯერად, სლალომი იყო დისციპლინა, რომელშიც პირველობა გათამაშდა.

ქალებს შორის, მოულოდნელად, მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა მოქმედმა ოლიმპიურმა და მსოფლიოს ჩემპიონმა, ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა. პირველი ცდის შემდეგ, ის ლიდერი იყო, მაგრამ მეორე ცდაზე იდეალურად გამოვიდა სლოვაკი პეტრა ვლჰოვა და მან დაიკავა პირველი ადგილი ორი დაშვების ჯამში.

შიფრინი მას ერთი მეათედი წამით ჩამორჩა. მესამეზე გავიდა შვეიცარიელი ჰოლდენერი. ვლჰოვასთვის ეს იყო კარიერაში მესამე გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

რაც შეეხება კაცების სლალომს, პირველი ადგილი გერმანელმა ფელიქს ნოიროიტერმა დაიკავა, რომელმაც 37 მეასედი წამი მოუგო მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიელ ჰენრიკ კრისტოფერსენს.

პოდიუმის მესამე საფეხურზე შვედი მატიას ჰარგინი ავიდა. პირველი ცდის შემდეგ, ლიდერი ბრიტანელი დეივ რადინგი იყო, მაგრამ მან მეორე დაშვების დასრულება ვერ შეძლო.