შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ შიდსის ცენტრში აქცია გაიმართება
შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხვალ შიდსის ცენტრში აქცია გაიმართება

მაისის მესამე კვირას მსოფლიო შიდსით გარდაცვლილთა დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებული წლევანდელი ღონისძიების სლოგანია – „გავაქტიურდეთ ჯანმრთელობის და უფლებების დასაცავად“.

საქართველოში შიდსის ცენტრი ამ დღეს უკვე 20 წელზე მეტია, აღნიშნავს. შესაბამისად, ხვალ შიდსის ცენტრის თანამშრომლები პრესკონფერენციას და ხსოვნის აქციას გამართავენ. აქციის ფარგლებში ღონისძიების სტუმრები ფურცლებს, რომლებზეც შიდსით გარდაცვლილთა სახელები იქნება დატანილი, ე.წ. სიცოცხლის ხეზე მიამაგრებენ.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2019 წლის 19 მაისის მონაცემებით,  ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7660  აივინფიცირებული პირი, 5737 – მამაკაცი, 1923 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდე ასაკისაა. შიდსი  4007 პაციენტს განუვითარდა, 1564 გარდაიცვალა.

2019 წელს კი, 226 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 250 ახალი შემთხვევა.

აივმკურნალობას იტარებს  4708 (4159 + 549 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8) ბავშვია.

2019 წელს გარდაიცვალა 45 აივინფიცირებული პაციენტი. პაციენტების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი გვიანი დიაგნოსტიკაა. შიდსის ცენტრი აღნიშნავს, რომ საგრძნობლად შემცირდა აივ/შიდსის გამო სიკვდილობის შემთხვევები, რაც აივ მკურნალობის უნივერსალურ ხელმისაწვდომობასთანაა დაკავშირებული.