შიდსის ცენტრის ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
შიდსის ცენტრის ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შიდსის ცენტრის ახალი შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა.

„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შპს „ავერსი ფარმას“ საკუთრებაში არსებული ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიის იჯარის შესახებ გაფორმებულია სამმხრივი ხელშეკრულება აღნიშნულ ცენტრს, შპს „ავერსი ფარმასა“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის“, – აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მთავრობის დადგენილების თანახმად, ქალაქ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება ერთ მილიონ ლარს შეადგენს. აღნიშნულისთვის 315.000 ლარი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უკვე მიმართულია მუნიციპალური განვითარების ფონდისადმი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი 2018 წლის 14 თებერვალს დასრულდება.

რაც შეეხება შიდსის ცენტრის წარმომადგენლებს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის შოთა გოგიჩაიშვილის განცხადებით, ჯერ ეს ტერიტორია ოფიციალურად გადაცემული არ აქვთ. თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ახალი საავადმყოფოს ასაშენებლად თავდაპირველად შეპირებული 7700 კვადრატული მეტრის ფართის ნაცვლად, დაწესებულების ფუნქციონირებისთვის და მშენებლობისთვის შეუსაბამო 5650 კვადრატულ მეტრს სთავაზობს, რაც ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ახალი საავადმყოფოს სართულების სიმაღლე და კოეფიციენტები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ასევე, ამ მოცემულობით მნიშვნელოვნად გაიზრდება ცენტრის ასაშენებლად ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან გამოყოფილი თანხის რაოდენობაც. ისინი ეკონომიკის სამინისტროს თავდაპირველად შეპირებული 7700 მეტრი ფართობის გადაცემას სთხოვენ. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები ფართის დაზუსტებასა და განხილვაზე მუშაობენ.

შიდსის ცენტრის შენობა, სადაც ისინი ამ დრომდე არიან განთავსებული 2009 წელს გაიყიდა და ის კომპანია „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. მას შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების სამკურნალოდ და შენობების რეაბილიტაციასაც ვერ ახდენენ, რადგან ის კერძო საკუთრებაშია.

ახალი ცენტრის აშენების ან არსებული შენობების რეაბილიტაციის მოთხოვნით ცენტრის წარმომადგენლებმა გასული წლის ზაფხულში აქცია გამართეს და ახალი საავადმყოფოს აშენების შესახებ დაპირება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღეს.