შიდსის ცენტრის ახალი შენობის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერის პირველი ეტაპი დასრულდა
შიდსის ცენტრის ახალი შენობის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერის პირველი ეტაპი დასრულდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ახალი შენობის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერის პირველი ეტაპი დღეს დასრულდა.

პროექტირების და მშენებლობის ტენდერში სამი კომპანია იღებს მონაწილეობას. დღეიდან შეფასების პროცედურები დაიწყება და რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, რომელი კომპანია განახორციელებს ახალი ცენტრის მშენებლობას.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით განახორციელებს.

შიდსის ცენტრის შენობა, სადაც ისინი ამ დრომდე არიან განთავსებული 2009 წელს გაიყიდა და ის კომპანია „ავერსი ფარმამ“ შეიძინა. მას შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, არ აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა პაციენტების სამკურნალოდ და შენობების რეაბილიტაციასაც ვერ ახდენენ, რადგან ის კერძო საკუთრებაშია.

ახალი ცენტრის აშენების ან არსებული შენობების რეაბილიტაციის მოთხოვნით ცენტრის წარმომადგენლებმა გასული წლის ზაფხულში აქცია გამართეს და ახალი საავადმყოფოს აშენების შესახებ დაპირება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისგან მიიღეს.

დატოვე კომენტარი