შიდა ქართლში ხანძრის ხუთი კერიდან ოთხი ლიკვიდირებულია
შიდა ქართლში ხანძრის ხუთი კერიდან ოთხი ლიკვიდირებულია

შიდა ქართლში, ატენისა და რკონის ხეობებში ამ დროისთვის ხანძრის ხუთი კერიდან ოთხი უკვე ლიკვიდირებულია. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებთან სახანძრო მანქანების შეყვანა ვერ მოხერხდა.

ცეცხლთან ბრძოლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ცოცხალი ძალით მოუწია. ადგილზე ორი დღის განმავლობაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი და თავდაცვის სამინისტროს მუხლუხებიანი ტექნიკა. ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და სამუშაოებს აგრძელებენ.

ცეცხლი სოფელ ორმოცსა და სოფელ რკონში დასახლებული ნაწილიდან დაახლოებით10-15 კილომეტრში გაჩნდა. თავდაპირველად ხანძარი ტყის ქვედა საფარზე გაჩნდა და შერეულ ტყეზე გადავიდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.