შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა

გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი თანამდებობას ტოვებს.

გიორგი ხოჯევანიშვილმა ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა და 2020 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. რწმუნებულის ანგარიშის პრეზენტაცია უფლისციხის მუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა პროექტებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დაიწყება. კერძოდ, მისი თქმით, ხაშურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები იგეგმება, ასევე, მიმდინარეობს ხიდისთავი-ატენისა და ძამას ხეობებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შემოდგომით კი, გორის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს. 2020 წელს 79,7 მილიონ ლარამდე ბიუჯეტი 597 პროექტზე გადანაწილდება, რომელიც მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობის, რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებებს. ასევე, პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის დარგისა და ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ხოჯევანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებსაც. როგორ მან აღნიშნა, დაგეგმილია ატენისა და ძამას ხეობებისთვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მიენიჭება. ამასთან, შემოდგომაზე გორის მუნიციპალიტეტს 30 ავტობუსი გადაეცემა, ავტოპარკის მშენებლობა კი, ინტენსიურად მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოების პროცესი. უკვე დასრულდა დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ლომოურისა და გიორგი მაზნიაშვილოს სახლ-მუზეუმების რეაბილიტაცია.

პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური, განათლების, მეცნიერიების, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები – თამარ ქიტიაშვილი და შალვა გოგოლაძე, პარლამენტის დეპუტატები, სასულიერო პირები, სამინისტროების, სააგენტოების, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ.