შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა
შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა

შიდა ქართლის რეგიონში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები განახლდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გორის, ქარელისა და კასპის გადაუდებელი დახმარების სამსახურებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები გადასცა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად, გორის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მოინახულა და ახალი, სამედიცინო აპარატურით სრულად აღჭურვილი სამი ავტომობილი პირადად დაათვალიერებინა.

ამ ეტაპზე, შიდა ქართლს სულ ხუთი ავტომობილი გადაეცა. მათგან სამი გორში, ერთი ქარელში და ერთი კასპში განთავსდა.

მიმდინარე წლის 21 ივლისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა. ცენტრს 60 ახალი ავტომობილი გადაეცა, რომელთაგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაა, ხოლო 15 – მაღალი გამავლობის რეანიმობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.