შეზღუდვების მოწინააღმდეგეებმა ლონდონის ცენტრში საპროტესტო მსვლელობა გამართეს
Demonstrators take part in an anti-lockdown 'Unite for Freedom' protest, amid the spread of the coronavirus disease (COVID-19), in London, Britain, April 24, 2021. REUTERS/Toby Melville
მასობრივი შეკრებების აკრძალვის მიუხედავად, ლონდონის ცენტრში კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვების მოწინააღმდეგე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მსვლელობა გამართა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
საპროტესტო აქციის ლოზუნგი იყო „გავერთიანდეთ თავისუფლებისთვის“. როგორც „როიტერი“ წერს, დემონსტრაციის მონაწილეები „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არააუცილებელ ზომებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მოქმედი რეგულაციები ადამიანის უფლებების დარღვევაა. ისინი ეწინააღმდეგებიან ვაქცინაციას, პირბადეების ტარებასა და ე.წ. ვაქცინაციის პასპორტებს.
ინგლისში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება აპრილის პირველ ნახევარში დაიწყო, 12 აპრილიდან ინგლისში გაიხსნა არასასურსათო მაღაზიები, კაფეებისა და რესტორნების ღია სივრცეები, თუმცა დახურულ სივრცეში შეკრებები აკრძალული რჩება სულ მცირე 17 მაისამდე.