შეზღუდვები, რომლებიც დღეს, 21:00 საათიდან ამოქმედდება - შსს-ს განცხადება
შეზღუდვები, რომლებიც დღეს, 21:00 საათიდან ამოქმედდება - შსს-ს განცხადება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 15 აპრილის 21:00 საათიდან აიკრძალება თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში შესვლა იმ პირებისთვის, ვინც რეგისტრირებული არ არიან ამ მუნიციპალიტეტებში (მიუხედავად ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა). ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ამ მუნიციპალიტეტებიდან გასვლა შეზღუდვის ამოქმედების შემდგომ (კომენდანტის საათის გათვალისწინებით) შეუძლიათ მხოლოდ სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს რეგისტრაციის მისამართზე დაბრუნების მიზნით. ასეთი პირები ვეღარ შეძლებენ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე ზემოხსენებულ ქალაქებში დაბრუნებას.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეზღუდვა ასევე არ შეეხება:

✓ სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების სამსახურებრივ გადაადგილებას;

✓ საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს;

✓ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა სამსახურებრივ გადაადგილებას;

✓ ბრალდებულების/მსჯავრდებულების გადაყვანას;

✓ ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას;

✓ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ გადაადგილებას;

✓ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას;

✓ სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას (მიცვალებულის გადასვენება/დაკრძალვა);

✓ საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას;

✓ კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებას;

✓ საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი სუბიექტების მიერ ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს/ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს და, აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან“, – აცხადებენ შსს-ში.