შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სატრანსპორტო საშუალების აქციზისგან გათავისუფლდებიან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სატრანსპორტო საშუალების აქციზისგან გათავისუფლდებიან

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები პირადი გამოყენებისთვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალების აქციზისგან გათავისუფლდებიან.

აღნიშნულ შეღავათს „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ ავტომობილები ადაპტირებული მართვის სისტემებით საკმაოდ ძვირი ჯდება, მათ შორის სპეციალური სავარძლით, რომელიც შვეულად და ჰორიზონტალურად 90 გრადუსით მოძრაობს.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ადაპტირებული გარემო სჭირდებათ, მათ შორის ადაპტირებული ტრანსპორტი, რომ დახმარების გარეშე ავტომობილიდან გადმოსვლა, მასში ჩაჯდომა და მართვა შეძლონ. ცვლილებებით გათვალისწინებულია შეღავათი როგორც აქციზის ნაწილში, ასევე დაცვის მექანიზმები არსებობს, რათა მისი არაკეთილსინდისიერი გამოყენება არ მოხდეს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სატრანსპორტო საშუალება ქარხნულად იყოს ადაპტირებული, ასევე იმპორტი თავად შეღავათით მოსარგებლე პირმა განახორციელოს, რომელსაც  შეღავათით სარგებლობის უფლება სამ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ექნება.