შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დადგენილება ბიუროს წარედგინება
შეწყალების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დადგენილება ბიუროს წარედგინება

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე ფრაქცია „ევროპული საქართველო“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს წარედგინება.

პროექტში მითითებულია, რომ მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტის მიერ განხორციელებული შეწყალება გამოძიების საგანი უნდა იყოს, ვინაიდან მასში შესაძლო კორუფციული სქემა იკვეთება.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ შესაბამისი უწყებები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული საქმე გამოიძიონ.

„დავაყენებთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რადგან თუ ხელისუფლება არ აკეთებს, არ ასრულებს თავის ვალდებულებას, ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს პარლამენტმა, რომლის პირდაპირი ვალდებულება არის, ზედამხედველობა გაუწიოს სახელისუფლებო სტრუქტურებს“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ დადგენილების მხარდაჭერას აპირებენ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“. ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ თუ მმართველი გუნდი არ შექმნის საკანონმდებლო ორგანოში დროებით საგამოძიებო კომისიას, საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე დაიწყებს მუშაობას.

„არავინ არაფერს გამოიძიებს, როდესაც დამნაშავე არის ხელისუფლება. ყოველთვის ხდება დანაშაულზე ხელის დაფარება და მუდმივი გამოთქმა – დაველოდოთ გამოძიებას. ერთადერთი გამოსავალი არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. რა თქმა უნდა, ამას დავუჭერთ მხარს, მაგრამ შემდეგ დარჩება კიდევ ერთი გზა, თუკი კომისია არ შექმნეს, იმპიჩმენტის მოთხოვნაც არის შესაძლებელი“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მმართველი გუნდის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა არარელევანტური იქნება, ვინაიდან საქმის გამოძიება ჯერ პროკურატურაში მიმდინარეობს.

„რაც შეეხება პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიას, ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში უნდა იყოს შექმნილი, რათა არა პარალელურ რეჟიმში აწარმოოს გამოძიება, არამედ გამოიკვლიოს ის საკითხები, ხომ არ არსებობს რაიმე ტიპის გადაცდომები. ამიტომ, არ მგონია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იყოს რელევანტური, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დატოვე კომენტარი