„შევარდენი“ აუტსაიდერებს დაშორდა, კილასონიამ მოგებით დაიწყო, „გაგრამ“ კონკურენტი დაამარცხა (ვიდეო)

ეროვნულ ლიგა2-ში მეექვსე ტურის სამი მატჩი გაიმართა. მუხიანის სპორტულ კომპლექსში „შევარდენი 1906″-მა ზუგდიდის „დინამოს” უმასპინძლა და ანგარიშით 3:1 დაამარცხა. ლუკა კობერიძემ დუბლი (30, 65) შეასრულა, ერთიც ცოტნე სამუშიას (53) ანგარიშზეა. დამარცხებულებიდან პრესტიჟის გოლი დათა სიჭინავამ (88) გაიტანა. ამ მოგებით „შევარდენი“ აუტსაიდერთა ზონას დაშორდა.

ერთ-ერთმა ლიდერმა „ვიტ ჯორჯიამ“ კონკურენტ „გაგრას“ უმასპინძლა და ანგარიშით 0:4 დამარცხდა. „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში გიორგი ივანიაძემ 32-ე წუთზე გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე ვასილ ქისიევის ავტოგოლით სტუმრების უპირატესობა გაიზარდა. 64-ე წუთზე გიორგი ივანიაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო 81-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გიორგი ვეკუამ დააფიქსირა – 0:4 „გაგრას“ სასარგებლოდ.

ბოლნისის „თამაზ სტეფანია – არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „სიონმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით ითამაშა და მარტვილის „მერანი“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ჯაბა უგულავამ პენალტით გაიტანა. 90+3-ე წუთზე მარტვილელთა მცველი გიორგი კალანდაძე გააძევეს.