შევაჩეროთ ომი ბავშვების წინააღმდეგ - ამ სლოგანით სოფელ ხურვალეთში სკოლის მოსწავლეებისთვის ღონისძიება გაიმართა
შევაჩეროთ ომი ბავშვების წინააღმდეგ - ამ სლოგანით სოფელ ხურვალეთში სკოლის მოსწავლეებისთვის ღონისძიება გაიმართა

შევაჩეროთ ომი ბავშვების წინააღმდეგ, – ამ სლოგანით გაიმართა სოფელ ხურვალეთში საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გასართობ-შემეცნებითი ღონისძიება, არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

ღონისძიება „გადავარჩინოთ ბავშვების“ გლობალური კამპანიის „შევაჩეროთ ომი ბავშვების წინააღმდეგ“ ფარგლებში ჩატარდა და ეძღვნება 420 მილიონ ბავშვს, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ.

კამპანიის მიზანია, მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენოს კონფლიქტის პირობებში მცხოვრები ბავშვების საჭიროებები.

სწორედ ამიტომ, ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელში გაიმართა, სადაც დიდია იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ომისა და მისი შედეგების სიმძიმე საკუთარ თავზე გამოცადეს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ ისტორიაში 2019 წლის 16 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია. კერძოდ, ორგანიზაცია ზუსტად 100 წლის წინ ინგლისში პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად დაარსდა; მას შემდეგ Save the Children მსოფლიოს 120 ქვეყნის მასშტაბით საქმიანობს ბავშვების, მათი ოჯახებისა და ადგილობრივი საზოგადოების უფლებების დასაცავად და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ბავშვის კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატისა და გორის მერიის წარმომადგენლები.