შესყიდვების სააგენტომ ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა დაასრულა
შესყიდვების სააგენტომ ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა დაასრულა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმის პირველი ფაზა დაასრულა.

ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შეიმუშავა ევროკავშირთან საჯარო შესყიდვების სფეროში ეტაპობრივი დაახლოების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა.

სამოქმედო გეგმა შედგება ხუთი ფაზისგან და მოიცავს 2015-2022 წლებს.

2017 წლის ბოლოს, პირველი ფაზის წარმატებით დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია ევროკავშირის ქვეყნების საჯარო შესყიდვების ბაზრის ეტაპობრივი გახსნა.

„ეს გარემოება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ექსპორტის ხელშეწყობისთვის.  დაახლოების პირველი ფაზის შემდეგ გათვალისწინებულია საჯარო შესყიდვებში ევროკავშირის ბაზრის გახსნა ცენტრალური მთავრობების მიერ განხორციელებულ შესყიდვებში, ხოლო მომდევნო ფაზებში უკვე ეტაპობრივად მოხდება ბაზრის გახსნა ქვე-ცენტრალური და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ შესყიდვებში“, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციაში.

 

დატოვე კომენტარი