შესაძლოა, პაპუნაშვილი მაინც „ანორთოსისში“ გადავიდეს
შესაძლოა, პაპუნაშვილი მაინც „ანორთოსისში“ გადავიდეს

ფამაგუსტის „ანორთოსისიდან“ სლოვაკი თავდამსხმელი მიხალ დურიში წავიდა და შესაძლოა, შეტევის გასაძლიერებლად, თემურ ქეცბაიამ გიორგი პაპუნაშვილი მიიწვიოს – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა „კერკიდა“ ავრცელებს.

„დურიშს უნგრეთში ტრანსფერისთვის გზა გაეხსნა და „ანორთოსისში“ მისი წასვლით თავდამსხმელის პოზიცია ვაკანტური გახდა. სლოვაკის გამგზავრებისთვის თემურ ქეცბაია და მისი ასისტენტები წინა კვირიდან ემზადებოდნენ. მათ სიაში ერთ-ერთი სასურველი ფეხბურთელი, ვისიც სჯერათ, ქართველი გიორგი პაპუნაშვილია“ – წერს გამოცემა.

„კერკიდამ“ 25 წლის ქართველი შემტევის მდგომარეობაზეც დაწერა: „გიორგის აქვს კონტრაქტი „რეალ სარაგოსასთან“ და იანვრიდან იჯარით სანტანდერის „რასინგში“ თამაშობდა. ახლა პაპუნაშვილი „რეალ სარაგოსაში“ ბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს. ქეცბაია ფეხბურთელს ძალიან კარგად იცნობს. ეს რთული საქმეა, მაგრამ ისინი ამ ტრანსფერზე მსჯელობენ. რასაკვირველია, სიაში სხვა მოთამაშეებიც არიან და გუნდს ახალი სახელები აუცილებლად დაემატება“.