გერმანულმა საჯინიბო „მერსედესმა”, შესაძლოა, შეწყვიტოს ფორმულა 1-ში გამოსვლა 2020 წლის სეზონის შემდეგ.
როგორც ვებგვერდი Racefans.net წერს, 12 თებერვალს გაიმართება კომპანია „დაიმლერის” დირექტორთა საბჭოს სხდომა, რომელზეც იმსჯელებენ – რამდენად მიზანშეწონილია გუნდის ყოფნა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო სერიაში. ამგვარი განხილვა უკაშირდება „დაიმლერის” 2019 წლის ანგარიშს. გასულ წელს, კომპანიის შემოსავალი რამდენიმე მილიარდი ფუნტით დაეცა. გარდა ამისა, მიიღეს გადაწყვეტილება 10 ათასი თანამშრომლის განთავისუფლების შესახებ.
აღნიშნავენ, რომ „მერსედესის” წასვლის შემთხვევაში, გერმანული კონცერნი მაინც დარჩება ფორმულა 1-ში სხვა გუნდებისთვის ძრავების მიმწოდებლის სტატუსით, რადგან შესაბამისი კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდეა გაფორმებული.
„მერსედესისა” და ფორმულა 1-ის მიმდინარე ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდეა მოქმედი. გერმანულმა გუნდმა ბოლო ექვს სეზონში ზედიზედ მოიგო კონსტრუქტორთა თასი და პილოტთა პირადი ჩათვლა.
ფორმულა 1-ის ახალი სეზონი 15 მარტს, ავსტრალიაში დაიწყება.