შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით, სუს-ში გამოკითხვებია დაგეგმილი, არსებული ინფორმაციით, გამოსაკითხთა შორის არის სერბეთის სამი მოქალაქე

შესაძლო დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობის საქმეზე გამოძიებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვებია დაგეგმილი.

საგამოძიებო უწყებაში სერბეთის სამი მოქალაქეა დაბარებული. არსებული ინფორმაციით, ისინი ჯგუფ „კანვასის“ წევრები არიან და საქართველოში სემინარში მონაწილეობის მიზნით არიან ჩამოსული. საგამოძიებო პროცედურა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გამოსაკითხი პირები უწყებაში ამ დრომდე არ მისულან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.

„დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციით, გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ. რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.

ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული კარვების ქალაქის მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.