შერმადინმა „რეალს“ 9 ქულა ჩაუგდო - სუპერთასისკენ გზას მადრიდელები განაგრძობენ (ვიდეო)

ბოლო ორი სეზონია, ესპანეთის სუპერთასი ახალი სისტემით იმართება. ამ ტიტულს ერთმანეთს არა ორი, არამედ ოთხი გუნდი ეციელბა. წლეულს შეჯიბრებას გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ უმასპინძლა. პირველ დღეს ნახევარფინალები გაიმართა – „ბარსელონამ“ თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბი „ბასკონია“ დაამარცხა (72:68), ხოლო „რეალმა“ – „ტენერიფე“ (92:79).

კუნძულელთა მწვრთნელმა ხესუს ვიდორეტამ შერმადინი სასტარტო ხუთეულში დააყენა. ეს მწვრთნელისგან ტრადიციული გადაწყვეტილება იყო, თუმცა გასაკვირი გახლდათ, რატომ არ შეიყვანა ხუთეულში გამთამაშებელი მარსელინიო უერტასი, რომელიც შერმადინთან გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო დუეტს ქმნიდა. ერთი შეხედვით თითქოს ყველაფერი იოლად იყო – გიორგი ბლოკებს აყენებდა, შემდეგ თავისუფლდებოდა და უერტასის გენიალური პასებით ქულას ქულაზე აგროვებდა.

ამჯერად, „რეალთან“ ვიდორეტამ ამ დუეტზე უარი თქვა – როცა შერმადინი მოედანზე იყო, მარსელინიო ისვენებდა და პირიქით. საბოლოოდ მივიღეთ თამაში, რომელშიც ქართველ ცენტრამდე ბურთი იშვიათად მიდიოდა. მან საბოლოოდ 18 წუთში 9 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 17 ქულით „ტენერიფეს“ ბომბარდირი უერტასი გახდა. „რეალის“ გამარჯვებაში კი 18-ქულიანი წვლილი შეიტანა რუდი ფერნანდესმა, რომელმაც 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.

შესაბამისად, კვირას, 13 სექტემბერს ფინალში ერთმანეთს „რეალი“ და „ბარსელონა“ დაუპირისპირდებიან – სუპერთასის მფლობელს ესპანური კლასიკო გამოავლენს.

დატოვე კომენტარი