შერმადინის 17 ქულა და მარცხი „ბასკონიასთან“ დრამატულ მატჩში [ვიდეო]

გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის ჩემპიონ „ბასკონიას“ უმასპინძლა. შეხვედრა პირველიდან ბოლო წუთამდე თანაბრად მიმდინარეობდა და ბასკების გამარჯვებით, 81:79 დასრულდა.

ბოლო შეტევა ტენერიფელებისა იყო. „ბასკონიას“ მწვრთნელმა დუშან ივანოვიჩმა წუთშესვენებისას თავისი შეგირდები გააფრთხილა – ბურთი შერმადინზე წავა და ყურადღებით ეთამაშეთო. შედეგად, ქართველ ცენტრს ბოლო შეტევისას ორი მეთვალყურე ჰყავდა, სამაგიეროდ მოშიშვლდა პერიმეტრი, თუმცა ვერც სალინმა ჩააგდო სამქულიანი, ვერც უერტასმა და კუნძულელებმა სეზონში მეხუთე მარცხი განიცადეს.

17 ქულით „ტენერიფეს“ ბომბარდირი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 32 წუთში 9-დან 7 საჯარიმო და 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო. გარდა 17 ქულისა მის ანგარიშზე 5 მოხსნა და 2 პასი იყო.

22 ტურის შემდეგ „ბასკონიასა“ და „ტენერიფეს“ 17-17 მოგება აქვთ და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

შერმადინის გუნდს უახლოესი მატჩი ესპანეთის თასზე თად მაკფადენის „ბურგოსთან“ ელის. შეხვედრა 11 თებერვალს გაიმართება.