შერმადინი და ბურჯანაძე ერთმანეთს მეორედაც დაუპირისპირდნენ - ბექამ მოიგო, გიორგი ბომბარდირი გახდა (ვიდეო)
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის გუნდები აქტიურ მზადებას შეუდგნენ. ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ მეორე საკონტროლო მატჩი გამართა. ამჯერადაც გიორგი შერმადინის „ტენერიფესთან“. თუ პირველი შეხვედრა ტენერიფელთა გამარჯვებით დასრულდა, მეორეში „გრან კანარიამ“ 76:73 იყოჩაღა.
წარმატებაში 11-ქულიანი წვლილი შეიტანა ბექა ბურჯანაძემ. მის გუნდში მეტი მხოლოდ მეტ კოსტელოს ჰქონდა – 12 ქულა.
მასპინძელთა რიგებში ბომბარდირობა არავის დაუთმო გიორგი შერმადინმა. მან მატჩი 16 ქულით დაასრულა.
ნამატჩევს მისი კომენტარი ასეთი იყო:
„ნებისმიერი ასეთი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. გვეხმარება ფორმაში შესვლასა და სათამაშო სქემების დახვეწაში. სასიამოვნოა, რომ საწყის ტესტებში „გრან კანარიას“ სახით სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს. ეს კიდევ უფრო დაგვეხმარება სეზონისთვის სრულყოფილად მომზადებაში“.