შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ოკუპაციისა და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობის დევნილობაში ყოფნის პირობებში, აფხაზეთის ე.წ. არჩევნები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი - ოკუპაციისა და ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობის დევნილობაში ყოფნის პირობებში, აფხაზეთის ე.წ. არჩევნები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს აფხაზეთის რეგიონში დღეს მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს და მისი შედეგების ლეგიტიმურობას, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, – ამის შესახებ ნათქვამია აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობის დევნილობაში ყოფნის პირობებში, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

„ურთულესი გლობალური და რეგიონული გამოწვევების, ასევე ადგილზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს მთავრობა განუხრელად და თანმიმდევრულად ახორციელებს მტკიცედ გაცხადებულ ორგანზომილებიან სამშვიდობო პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, დეოკუპაციასთან ერთად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმართულებით შერიგებისა და ჩართულობის პროცესის განხორციელება და მისი კიდევ უფრო გააქტიურება წარმოადგენს.

უმთავრეს პრიორიტეტად რჩება გამყოფი ხაზით ხელოვნურად დაშორებულ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გაღრმავება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შეთავაზება, საქართველოს ევროინტეგრაციის  პროცესის კვალდაკვალ.

სწორედ ამას ემსახურება შერიგების და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც კონკრეტულ ახლებურ ხედვებს, დეპოლიტიზებულ და ჰუმანიტარულ მიდგომებს, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს დაეყრდნობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.