შერეული ორთაბრძოლები | ხუთმა ქართველმა მებრძოლმა ფინალის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე შერეული საბრძოლო ხელოვნებების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხუთი ქართველი მებრძოლი გავიდა. უფროსებს შორის გადამწყვეტ შეხვედრაში ასპარეზობის უფლება ლევან ლაგვილავამ (+97 კგ) მოიპოვა, ახალგაზრდებში კი ნახევარფინალური ბარიერი წარმატებით გივი ბერიძემ (70,3 კგ), იოანე ბიქოშვილმა (79,4 კგ), ნიკა ბერიძემ (88,4 კგ) და საბა სულამანიძემ (97 კგ) დაძლიეს.
ლაგვილავამ ტურნირი მერვედფინალიდან დაიწყო და ლიბანელი გაბრიელ ელ ხური დაამარცხა. მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა მეოთხედფინალში შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონთან, ოლექსანდრ ხოდაკოვთანაც, ხოლო ნახევარფინალში მეტოქე არ გამოუცხადდა.

რაც შეეხება პლანეტის ახალგაზრდულ პირველობას, იოანე ბიქოშვილმა ჩეხ მიხალ ვავრუშეკთან, მონტენეგროელ ჩანიო რაიკოვიჩთან და ლიეტუველ კაროლინ დიუგევიცთან ვადამდელი გამარჯვებები მოიპოვა, ნახევარფინალში კი მეტოქე ტრავმის გამო არ გამოუცხადდა. სიმბოლურია ის ფაქტი რომ ძმებმა ბერიძეებმა ფინალის საგზური ორ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვეს. გივი ბერიძემ (70,3 კგ) ესპანელ იან გაელ გომეს გარსიას, უკრაინელ ოლეჰ პლაზოვსკის, პოლონელ დავიდ მარზეცსა და ფრანგ ბამბო სიმას აჯობა, ხოლო ნიკა ბერიძე (88,4 კგ) რუსებზე, საიდ გასანოვსა და სემინ ანინიანზე და უკრაინელ დენის კოზორაზე ძლიერი აღმოჩნდა. ბერიძეებზე და ბიქოშვილზე შედარებით გვიან ჩაერთო მსოფლიოს ჩემპიონატში საბა სულამანიძე (97 კგ), რომელმაც უზბეკი სამანდარბეკ ერგაშევი და ავსტრიელი დავიდ ზარგარიანი დაამარცხა.
ფინალში გასვლასთან ახლოს კიდევ სამი ქართველი მებრძოლი იყო, თუმცა ნახევარფინალში ტატო აბსანძე (74,6 კგ), ანა აბრამიშვილი (61,2 კგ) და მამანა მუქერია (70,3 კგ) დამარცხდნენ და სამივე მათგანი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდა.
ფინალური შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვალ და ზეგ 14:00 საათიდან დაიწყება.