შექმნეს „უნივერსალური“ თირკმელი, რომელიც სისხლის ყველა ჯგუფთან თავსებადია — #1tvმეცნიერება
შექმნეს „უნივერსალური“ თირკმელი, რომელიც სისხლის ყველა ჯგუფთან თავსებადია — #1tvმეცნიერება

ათწლიანი მუშაობის შემდეგ, თირკმლის გადანერგვის სფეროში მეცნიერები მნიშვნელოვან გარღვევასთან იმაზე უფრო ახლოს არიან, ვიდრე ოდესმე — შესაძლებელი გახდეს დონორისგან თირკმლის გადაცემა მისგან განსხვავებული სისხლის ჯგუფების მქონე პაციენტებისთვის, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს ლოდინის დროს და გადაარჩენს მრავალ სიცოცხლეს.

კანადისა და ჩინეთის სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჯგუფმა შექმნა „უნივერსალური“ თირკმელი, რომელიც თეორიულად შეიძლება ნებისმიერმა პაციენტმა მიიღოს.

მათი სატესტო ორგანო რამდენიმე დღის განმავლობაში გადარჩა და ფუნქციური დარჩა თავის ტვინით მკვდარ პაციენტში, რომლის ოჯახიც ამ კვლევას დათანხმდა.

„ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა ვნახეთ, რომ ეს ადამიანში მუშაობს. გვაძლევს ფასდაუდებელ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ გრძელვადიანი შედეგები“, — ამბობს კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი სტივენ უიტერსი.

დღევანდელი მდგომარეობით, I ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები, რომლებსაც თირკმლის გადანერგვა ესაჭიროებათ, უნდა დაელოდონ, ვიდრე ამავე სისხლის ჯგუფის დონორის თირკმელი გახდება ხელმისაწვდომი. მომლოდინეთა სიაში მყოფ ადამიანთა ნახევარზე მეტი ამ შემთხვევას მიეკუთვნება, მაგრამ ვინაიდან I ტიპის თირკმელები სხვა სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანებშიც ფუნქციონირებს, არის დეფიციტში.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს შესაძლებელია სხვადასხვა სისხლის ჯგუფის თირკმელების გადანერგვა, თუკი მოხდება მიმღების სხეულის გაწვრთნა, რომ ორგანო არ უკუაგდოს, არსებული პროცესი შორსაა სრულყოფილებისგან და განსაკუთრებით პრაქტიკულიც არ არის.

ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს, ძვირი, სარისკოა და ასევე საჭიროებს ცოცხალ დონორს, რადგან საჭიროა მიმღების მომზადება.

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა ეფექტიანად გარდაქმნეს II ჯგუფის თირკმელი I ჯგუფის თირკმლად, რისთვისაც გამოიყენეს სპეციალური, იქამდე იდენტიფიცირებული ფერმენტები, რომლებიც აშორებენ შაქრის იმ მოლეკულებს (ანტიგენებს), რომლებიც II ჯგუფის სისხლის მარკერებს წარმოადგენენ.

მკვლევრები ფერმენტებს მოლეკულურ დონეზე მომუშავე მაკრატელს ადარებენ — II ტიპის ანტიგენური ჯაჭვების ნაწილის მოჭრით, შესაძლებელია მათი გარდაქმნა ABO ანტიგენისგან თავისუფალ სტატუსად, რაც I ჯგუფის სისხლს ახასიათებს.

„დაახლოებით იმას ჰგავს, მანქანას რომ წითელი საღებავი მოაშორო და ნეიტრალური გრუნტი გამოაჩინო. როცა ამას გააკეთებ, იმუნური სისტემა ორგანოს უკვე აღარ აღიქვამს უცხოდ“, — ამბობს უიტერსი.

ჯერ კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი იქამდე, ვიდრე ასეთი ცდა ცოცხალ ადამიანებზე ჩატარდება.

მესამე დღეს, გადანერგილმა თირკმელმა II ჯგუფის სისხლის ნიშნების გამოვლენა დაიწყო, რამაც იმუნური პასუხი გამოიწვია — მაგრამ ეს პასუხი ჩვეულებრივ მოსალოდნელზე ნაკლებად მკაცრი იყო და გაჩნდა იმის ნიშნებიც, რომ სხეული თირკმელთან შეგუებას ცდილობდა.

ამ საკითხთან დაკავშირებული სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა — ამ მომენტისთვის, მხოლოდ აშშ-ში ყოველდღე თირკმლის მომლოდინე 11 ადამიანი კვდება და მათი უმეტესობა I ტიპის თირკმელს ელოდება.

ამ პრობლემას მეცნიერები მრავალი მხრიდან უტევენ, მათ შორის, იყენებენ ღორის თირკმლებს და ქმნიან ახალ ანტისხეულებს. თავსებადი თირკმელების რაოდენობის გაფართოებით, ამ ადამიანებს შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების შეეხოთ.

„ასე გამოიყურება, როდესაც წლების განმავლობაში მიღებული საბაზისო მეცნიერება საბოლოოდ უკავშირდება პაციენტის ზრუნვას. იმის დანახვა, რომ ჩვენი აღმოჩენები უახლოვდება რეალურ სამყაროზე გავლენის მოხდენას, სწორედ ისაა, რაც წინსვლისკენ გვიბიძგებს“, — აღნიშნავს უიტერსი.

კვლევა Nature Biomedical Engineering-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია news.ubc.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.