შექმნეს მსოფლიოში ყველაზე პატარა ელექტროკარდიოსტიმულატორი, რომელიც ბრინჯის მარცვლის ზომისაა — #1tvმეცნიერება
შექმნეს მსოფლიოში ყველაზე პატარა ელექტროკარდიოსტიმულატორი, რომელიც ბრინჯის მარცვლის ზომისაა — #1tvმეცნიერება

მეცნიერები ამბობენ, რომ შექმნეს მსოფლიოში ყველაზე პატარა გულის ელექტროსტიმულატორი — გულისცემის დროებითი მარეგულირებელი, რომელიც ბრინჯის მარცვალზე პატარაა; მისი შეყვანა და კონტროლი სინათლითაა შესაძლებელი, საბოლოოდ კი თავისით იშლება და ამოღებას არ საჭიროებს.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებზე ტესტირების დაწყებამდე წლები გვაშორებს, უსადენო ელექტროკარდიოსტიმულატორს უკვე უწოდეს „ტრანსფორმაციული გარღვევა“, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუწყოს მიღწევებს მედიცინის სხვა სფეროებში.

მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აქვს მუდმივი ელექტროკარდიოსტიმულატორი, რომელიც გულს ელექტრული პულსებით ასტიმულირებს, რათა უზრუნველყოს ნორმალური გულისცემა.

ახალი მოწყობილობა ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა; მათი განცხადებით, მათი მოტივი იყო დახმარებოდნენ ბავშვების იმ ერთ პროცენტს, რომლებიც გულის თანდაყოლილი დეფექტებით იბადებიან და ოპერაციის შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში ესაჭიროებათ დროებითი ელექტროკარდიოსტიმულატორი.

ელექტროკარდიოსტიმულატორი ასევე დაეხმარება ზრდასრულებს ნორმალური გულისცემის აღდგენაში გულის ოპერაციის შემდეგ.

ამჟამად, დროებითი ელექტროკარდიოსტიმულატორების ჩადგმა ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, რათა მოხდეს ელექტროდების მიერთება გულის კუნთში; თანაც, საჭიროებს ელექტროენერგიით მომარაგების სადენიან მოწყობილობას, რომელიც პაციენტის მკერდში ყენდება.

როცა გულის ელექტროსტიმულატორი საჭირო აღარაა, ექიმი სადენებს იღებს, რამაც ზოგჯერ შეიძლება დაზიანება გამოიწვიოს.

ნილ არმსტრონგი — პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა, 2012 წელს შინაგანი სისხლდენით გარდაიცვალა, რაც მისი სხეულიდან დროებითი ელექტროკარდიოსტიმულატორის ამოღებამ გამოიწვია.

ახალი მოწყობილობა უსადენოა; სისქეში ერთი მილიმეტრია, სიგანეში 3.5 მმ და სხეულში შეყვანა ნემსის წვერით ხდება.

ამას გარდა, ისეა შექმნილი, რომ როცა საჭირო აღარაა, ორგანიზმში იშლება და პაციენტს ინვაზიური ოპერაცია აღარ ესაჭიროება.

ელექტროკარდიოსტიმულატორი მიერთებულია პაციენტის მკერდზე დატანებულ რბილ პლასტირთან.

როდესაც პლასტირი არარეგულარულ გულისცემას აფიქსირებს, ავტომატურად ანთებს სინათლეს, რომელიც ელექტროკარდიოსტიმულატორს ეუბნება, რომ გულისცემა დასარეგულირებელია.

ელექტროკარდიოსტიმულატორი მუშაობს ე. წ. გალვანურ უჯრედზე, რომელიც სხეულის სითხის გამოყენებით ქიმიურ ენერგიას ელექტრულ პულსებად გარდაქმნის, რაც შემდეგ გულს ასტიმულირებს.

ელექტროკარდიოსტიმულატორმა წარმატებით იმუშავა თაგვებზე, ვირთხებზე, ღორებზე, ძაღლებზე და ლაბორატორიაში ადამიანის გულის ქსოვილზე ჩატარებულ ტესტებში.

კვლევის ავტორის, აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრის, ჯონ როჯერსის განცხადებით, ელექტროკარდიოსტიმულატორი ადამიანებზე 2-3 წელიწადში დაიტესტება.

ჩიკაგოს უნივერსიტეტის მკვლევარი ბოჟი ტიანი, რომელიც ამ კვლევაში ჩართული არ ყოფილა მაგრამ სინათლით აქტივირებადი სხვა ელექტროკარდიოსტიმულატორები მისმა ჯგუფმაც შექმნა, ამბობს, რომ მიღწევა უმნიშვნელოვანესია.

„ეს ახალი ელექტროკარდიოსტიმულატორი ტრანსფორმაციული გარღვევაა სამედიცინო ტექნოლოგიებში. პარადიგმული ცვლილებაა ბიოელექტრონულ მედიცინაში, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის კარდიოლოგიის მიღმაც, მათ შორის, ნერვების რეგენერაციაში, ჭრილობების მოშუშებასა და ინტეგრირებულ ჭკვიან იმპლანტებში“, — ამბობს ტიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გულის დაავადებები სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია მთელ მსოფლიოში.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.