შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის ნორმების დარღვევისთვის სანქციების დაწესება იგეგმება
შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის ნორმების დარღვევისთვის სანქციების დაწესება იგეგმება

შენობა-ნაგებობების რეკონსტრუქციის ნორმების დარღვევისთვის, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რომლითაც გათვალისწინებულია სანქციები.

შესაბამისი ცვლილებები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კანონპროექტის მიხედვით, იმ შენობა-ნაგებობის შეკეთების, რეკონსტრუქციის, აღდგენის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომელიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში, ასევე, რომელსაც დაზიანებული აქვს გარე მოპირკეთება, გადახურვა, შემინვა, შემოღობვა, გარეშე მომზღუდავი და მზიდი კონსტრუქციები, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 200-დან 5000 ლარამდე.

კერძოდ, ინიციატივით განისაზღვრება, რომ შენობები, რომლებიც იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და მდებარეობს საზოგადოებრივი სივრციდან ვიზუალური აღქმის არეალში, სადაც კანონით დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, თბილისის ტერიტორიაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარით, თვითმმართველ ქალაქში – 1000 ლარით, მუნიციპალიტეტის დასახლებაში, ქალაქში – 500 ლარით, ხოლო მუნიციპალიტეტის დასახლებაში, დაბაში ან სოფელში – 200 ლარით.

უნდა აღინიშნოს, რომ მუხლის მოქმედება არ გავრცელდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებულ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც გამოიყენება საცხოვრებელი მიზნით, რათა საკუთრების უფლების ხელყოფა არ მოხდეს და მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილებების მიზანს არ წარმოადგენს მესაკუთრის იძულება, განახორციელოს დემონტაჟი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დაეკისრება ვალდებულება, მესაკუთრეს მითითება მისცეს, რომლითაც დარღვევის გამოსასწორებლად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო შემოწმების აქტს შეადგენს. თუ დარღვევა არ გამოსწორდა, მესაკუთრეს გათვალისწინებული ჯარიმა დაეკისრება. ანუ, მესაკუთრეს საშუალება ეძლევა, არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია ან დემონტაჟი განახორციელოს და ის მხოლოდ ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობის შემთხვევაში დაჯარიმდება“, – აღნიშნულია კანონპროექტში.