შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის ჯარიმისგან 2023 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან
შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის ჯარიმისგან 2023 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან

შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული ჯარიმისგან 2023 წლის პირველ იანვრამდე გათავისუფლდებიან.

დღეს მოქმედი კანონით აღნიშნული ვადა 2022 წლის პირველ იანვრამდე იყო განსაზღვრული. კანონპროექტის მიხედვით, ასევე ის პირებიც გათავისუფლდებიან სანქციების გადახდისგან, რომელთა მიმართაც არ არის დაწყებული ან დასრულებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

ინიციატორების განმარტებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაახლოებით 110 ნებართვაა გაცემული მშენებლობისათვის, რომლებიც ექვემდებარებიან საეტაპო ოქმების წარდგენას.

კოდექსის მიხედვით, სანებართვო პირობების დარღვევა II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში ჯარიმდება 4 000 ლარით, III კლასის შემთხვევაში 10 000 ლარით, ხოლო IV კლასის შემთხვევაში 15 000 ლარით.

„თითოეულ ამ მშენებლობის პროცესში, ამ დროისათვის საშუალოდ შეიძლება დარღვეული იყოს არაუმეტეს ერთი საეტაპო ოქმის წარდგენის ვალდებულება. შესაბამისად, ამ სამართალდარღვევის გამო, ამ დროისათვის დაახლოებით 1,090,000 ლარი უნდა იყოს გამოწერილი ჯარიმა. ამ ცვლილების შედეგად, სწორედ ეს არის ის თანხა, რომელიც არ მოხვდება ბიუჯეტში”, – განმარტავენ ინიციატორები.

ცვლილებების ინიციატორები, დეპუტატები ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, ირაკლი მეძმარიაშვილი, მაია ბითაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ქეთევან დუმბაძე, მაია მენაღარიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და ნოდარ ტურძელაძე არიან.