შენგენის სავიზო ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ აშშ-ის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზა დასჭირდებათ
შენგენის სავიზო ცენტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ აშშ-ის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზა დასჭირდებათ

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ევროკავშირში გასამგზავრებლად 2021 წლიდან ონლაინავტორიზაციის გავლა დასჭირდებათ. შენგენის ზონის სავიზო საინფორმაციო ცენტრი უარყოფს ამერიკულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის მოქალაქეებს 2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზა დასჭირდებათ.

„აშშ-ის ყველა მოქალაქეს, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა რამდენიმე ქვეყნის პასპორტების მფლობელებს, 2021 წლის იანვრიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესასვლელად დასჭირდებათ მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის ევროპული სისტემა (ETIAS). მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის ევროპული სისტემა არ არის ვიზა. ამის მიუხედავად, აშშ-ის მოქალაქეები ბოლო დროს შეცდომაში შეიყვანა რამდენიმე მედიასაშუალებამ, რომელთა მტკიცებით, „ამერიკელებს ევროკავშირში გასამგზავრებლად 2021 წლიდან ვიზები დასჭირდებათ“. ეს განცხადება სრული სიცრუეა. აშშ-ში ევროკავშირის მისია გამოეხმაურა ამგვარ განცხადებებს“, – ნათქვამია შენგენის სავიზო საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.

როგორც „ტვიტერში“ აშშ-ში ევროკავშირის მისიის განცხადებაშია აღნიშნული, მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის ევროპული სისტემა ამერიკული მგზავრთა ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის (ESTA) ანალოგიურია.

„არც ESTA და არც მომავალი ETIAS-ი არ არის ვიზა. ეს სისტემები ახორციელებს იმ მგზავრთა წინასწარ შემოწმებას, რომლებიც უვიზო რეჟიმით სარგებლობენ“, – ნათქვამია ევროკავშირის მისიის განცხადებაში.

სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ელექტრონული ავტორიზაციის ღირებულება 7 ევრო იქნება. ავტორიზაცია უფასო იქნება 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის.

ავტორიზაციის ერთხელ გავლის შემთხვევაში, ის სამ წლის განმავლობაში იმოქმედებს.