შენგელიას რეკორდი - 16 ქულა „ენისეის“ კალათში
შენგელიას რეკორდი - 16 ქულა „ენისეის“ კალათში

თორნიკე შენგელიას ცსკა-მ ვითიბი ლიგაზე კრასნოიარსკის „ენისეის“ უმასპინძლა და დიდი სხვაობით დაამარცხა – 109:60.

გუნდის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ: „პირველი წუთები თანაბარი გამოდგა. თავგამოდებით იბრძოდა თორნიკე შენგელია, რომლის მონდომება უკვალოდ არ გამქრალა – ცსკა-მ მალევე მოიპოვა უპირატესობა და მეორე პერიოდიდან მეტოქისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.“

თორნიკემ სულ 18 წუთი ითამაშა, თუმცა ქულებში პირადი რეკორდის დამყარება (ცსკა-ში გადასვლის შემდეგ) მაინც მოახერხა – 16 ქულა ჩააგდო. გარდა ამისა, მის ანგარიშზე იყო 6 პასი, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. სროლის სიზუსტეც არ დაეწუნებოდა: 5-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი, 6-დან 4 საჯარიმო.

მოსკოველებს ვითიბი ლიგაზე 5 ტურის შემდეგ ოთხი მოგება აქვთ. უახლოესი მატჩი ევროლიგაზე 6 ნოემბერს ელით – „პანათინაიკოსთან“ სტუმრად ითამაშებენ.