შენგელიას დაბრუნება ბასკეთში - ცსკა-მ მოგებათა თორმეტმატჩიანი სერია შეწყვიტა (ვიდეო)

ევროლიგის გათამაშებაში თორნიკე შენგელია და მისი გუნდი ცსკა ბასკეთის ქალაქ ვიტორიას ესტუმრნენ. იქ თოკოს 6 სეზონი აქვს გატარებული და ცსკა-ში გასულ ზაფხულს სწორედ „ბასკონიადან“ გადავიდა. 28 დეკემბერს ამ კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაწერა, რომ არსებობდა შეთანხმება, თითქოს, შენგელიას 8 იანვარს „ბასკონია“-ცსკა-ს მატჩის პირველი ტაიმი ბასკების მაისურით უნდა ეთამაშა. თუმცა ეს დეკემბრის ხუმრობა იყო.

თორნიკემ ცსკა-ში 28 წუთი ითამაშა, 13 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. კიდევ ერთმა ექს-ბასკონიელმა მაიკ ჯეიმსმა 20 ქულას 7 პასი მიამატა.

თუმცა მათი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ესპანურმა კლუბმა 95:93 მოიგო და ევროლიგაში ცსკა-ს თორმეტმატჩიანი გამარჯვებათა სერია შეწყვიტა. ამჟამად მოსკოველებს 18 ტურის შემდეგ 14 მოგება აქვთ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს 13 იანვარს შინ „ჟალგირისის“ წინააღმდეგ გამართავენ.