შენგელია VS შილდსი - პრელუდია საქართველო-დანიის მატჩის წინ #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაშის მიუხედავად, „ვირტუს ბოლონია“ იტალიის თასის გათამაშებას გამოეთიშა. ეს მოხდა პირველივე, მეოთხედფინალურ რაუნდში, სადაც ბოლონიელთა მეტოქე თასის მოქმედი, შარშანდელი გამარჯვებული „ოლიმპია მილანო“ გახლდათ.
მატჩი მილანელთა დამაჯერებელი გამარჯვებით – 91:77 დასრულდა. შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე, ჯამში, 27 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 14 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. თორნიკეზე შედეგიანად ბოლონიელთაგან მხოლოდ მუჰამეტ დიუფმა იასპარეზა, რომელმაც 20 წუთში 20 ქულა მიითვალა.
მილანურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო დანიური პასპორტის მქონე შეივონ შილდსი გახლდათ. შილდსმაც 27 წუთი ითამაშა და 19 ქულა, 4 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. მასთან ერთად მილანელებს ზაკ ლიდეომ ულიდერა – 16 ქულა, 7 მოხსნა.
შენგელიას გუნდისთვის იტალიის თასის წლევანდელი გათამაშება დასრულდა. ქართველი ფორვარდი ცოტას დაისვენებს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შემოუერთდება, რომელიც ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება. 21 თებერვალს სწორედ შილდსის დანიას უმასპინძლებს.