შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ თურქი გადამზიდავებისთვის საქართველოს საბაჟო საზღვარზე პრობლემების შექმნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ თურქი გადამზიდავებისთვის საქართველოს საბაჟო საზღვარზე პრობლემების შექმნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება თურქეთის რესპუბლიკის მილი მეჯლისის დეპუტატ აჰმედ კაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქ გადამზიდავებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე პრობლემები ექმნებათ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს გადაადგილებისას რაიმე სახის პრობლემები არ შექმნიათ.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. საბაჟო კონტროლი, მათ შორის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ეფუძნება მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების გამოყენებას და ხორციელდება ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე შემუშავებული რისკის კრიტერიუმების საფუძვლებზე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პანდემიის მიუხედავად, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს გადაადგილებისას რაიმე სახის პრობლემები არ შექმნიათ. საქართველოს საბაჟო საზღვარზე მათი გადაადგილება 24-საათიან რეჟიმში, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ამასთან, მიმდინარე წლის მარტი-მაისის პერიოდში თურქეთიდან საქართველოს გავლით ტრანზიტულად გაიარა 25 000-ზე მეტმა ავტოტრანსპორტო საშუალებამ, რომელთაგან სპეციფიკურ საბაჟო კონტროლს დაექვემდებარა მხოლოდ 109 მანქანა, რაც მთლიანი ოდენობის 0,4 %-ია. ამასთან, განვმარტავთ, რომ კონტროლს დაქვემდებარებული 109 მანქანიდან უმეტესმა ნაწილმა, საქართველოს ტერიტორია დატოვა 1-4 დღის განმავლობაში და არა 10-15 დღისა, როგორც ეს მეჯლისის დეპუტატის განცხადებაშია აღნიშნული.

შემოსავლების სამსახური აქტიურად არის ჩართული თურქეთის მხარესთან საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგის პროცესში და ყოველი ახალი რეგულაციის შესახებ ოპერატიულად ხდება ინფორმაციის გაზიარება. სწორედ ამის დასტურია, მიმდინარე წლის 12 ივნისს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ლევან კაკავასა და თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილის რიზა თუნა თურაგაის შორის ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრა. მხარეები მომავალშიც გააგრძელებენ აქტიურ კომუნიკაციას ამ მიმართულებით“, – აცხადებენ უწყებაში.

დატოვე კომენტარი