შემოსავლების სამსახურმა უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
შემოსავლების სამსახურმა უაქციზო საქონლის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს მასშტაბით უაქციზო საქონლის უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. შესაბამის ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული 800 ღერი უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი, ხოლო საქმეთა მასალები შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

ამასთან, აგვისტოს მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ამოღებულ იქნა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი – ჯამში 36 469 ღერი. ამ შემთხვევაშიც, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და მასალები სასამართლოს გადაეგზავნა. ერთ-ერთი ფაქტი, ამოღებული თამბაქოს რაოდენობისა და ღირებულების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

ასევე, მიმდინარე თვის მონაცემებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო საქონლის, კერძოდ, 15 965 ერთეული მინერალური წყლის სავალდებულო მარკირების გარეშე რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში.

სამართალდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჯამში 4 029 ლარის ოდენობით ჯარიმა შეეფარდათ.