შემოსავლების სამსახურმა „სარფის“ საბაჟოდან 19 980 კგ გაყინული ქათამი და 1000 კგ თევზი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ 19 980 კილოგრამი ქათმის გაყინული პროდუქციითა და 1 000 კილოგრამი თევზით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას შესაბამისი სპეციალისტების მიერ აღნიშნული ტვირთის შემოწმების შედეგად გამოვლინდა არადამაკმაყოფილებელი, ჯანმრთელობისთვის საშიში მახასიათებლების არსებობა, ასევე ტრანსპორტირების პირობების უხეში დარღვევა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.