შემოსავლების სამსახურის უფროსი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს
შემოსავლების სამსახურის უფროსი ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა სტუმრებს უწყების ძირითადი ამოცანები გააცნეს და მათთან ერთად ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

,,ვისაუბრეთ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორისაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების პროცედურების ავტომატიზებული სისტემის დანერგვას ითვალისწინებს. აქტიურად ვმუშაობთ და ვხვეწთ ე.წ. დღგ-ის დაბრუნების მოდულს, რათა მოთხოვნის შესრულება მოხდეს წაrდგენისთანავე,” – განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

მისივე თქმით, საგადასახადო შემოწმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია, სწორედ მოხდეს რისკების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და რისკის მართვის პროგრამის ანალიზი.

„ყოველივე ეს დაზოგავს, როგორც უწყების დროს ასევე, ბიზნესის დროს და რესურს,” – განაცხადა ლაშქარაძემ.

შეხვედრის ფარგლებში შემოსავლების სამსახურის უფროსმა საბაჟო სფეროში გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და სტუმრებს ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა.

ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესსექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა 14 ბიზნეს ასოციაციის, კერძოდ; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, ბაზრობების ასოციაციის, რესტორანთა ასოციაციის, საქართველოს სასტუმრო და სარესტორნო ასოციაციის, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის, საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო ასოციაციის, ბიზნეს ლიდერთა ასოციაციის – ,, ქალები მომავლისთვის“, საზღვაო ბროკერებისა და აგენტების ასოციაციის, საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს დამოუკიდებელ ლაბორატორიათა ასოციაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პირველი სამუშაო შეხვედრა ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შემოსავლების სამსახურის უფროსმა 20 მარტს გამართა.