შემოსავლების სამსახური – საბაჟო გამშვებ-პუნქტზე „სადახლო-საავტომობილოს“ მებაჟე ოფიცრებმა ორ კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
საბაჟო-გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს სხმულების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შეეცადა, ფეხსაცმელებსა და წინდებში განთავსებული 1 707 გრამი ოქროს სხვადასხვა ზომის სხმულები საქართველოს საზღვარზე მალულად შემოეტანა.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 576 585 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.