შემოსავლების სამსახური პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს აქვეყნებს
შემოსავლების სამსახური პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს აქვეყნებს

შემოსავლების სამსახური „კოვიდ-19“ პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს აქვეყნებს.

როგორც შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კოვიდვაქცინით საქართველოში შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს ნებისმიერი ქვეყნიდან, რისთვისაც:

„საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი;

საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა, ხოლო Johnson&Johnson ვაქცინის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი. გარდა, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირისა (მოქალაქეობის და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად), ასევე იმ პირების, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია. ისინი ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს (უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით)“.

რაც შეეხება კოვიდვაქცინის გარეშე საქართველოში შემოსვლას საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, საქართველოს მოქალაქე საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება რვადღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინო სივრცეში გადასვლას) ან მესამე დღეს სავალდებულო PCR-ტესტირებას საკუთარი ხარჯით;

„საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება რვადღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინე სივრცეში გადასვლას)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლის უფლება აქვს ქვემოთ მითითებული სახელმწიფოების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელის სახელმწიფო, თურქეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, ქუვეითის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, მოლდოვის რესპუბლიკა, ყაზახეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, თურქმენეთი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, ომანის სასულთნო.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოში შემოსასვლელად ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

  • საქართველოში უნდა გამოემგზავრონ ამავე ქვეყნებიდან, მათ შორის, მესამე ქვეყნების ტრანზიტული მგზავრობისთვის გამოყენების უფლებით;
  • სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე უკანასკნელ 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საზღვრის კვეთიდან მესამე დღეს, უნდა ჩაიტარონ PCR-კვლევა, საკუთარი ხარჯებით;
  • საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე სავალდებულოა სპეციალური ელექტრონული ანკეტის შევსება, სადაც უნდა მიეთითოს ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ;
  • პირები, რომლებსაც უფიქსირდებათ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარებიან საკარანტინო სივრცეში გადასვლას (საკუთარი ხარჯებით). ამ შემთხვევაში, მესამე დღეს PCR-კვლევის ჩატარება აღარ არის სავალდებულო.

ზემოთ მითითებული კატეგორიების გარდა, საქართველოში შემოსვლის შეზღუდვები არ ვრცელდება:

  • საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრებზე;
  • საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრებზე, მიუხედავად მათი მოქალაქეობისა;
  • ჰუმანიტარული მისიით მომავალ პირებზე – თუ დღის წესრიგში დადგა ასეთი მისიის მოვლენის აუცილებლობა (ექიმები, მოხალისეები და ა. შ.);
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე;
  • პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებზე;
  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე;
  • ოფიციალური დელეგაციების წევრებზე, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში;
  • საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებში მონაწილე მძღოლებზე, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვებში მონაწილე პერსონალზე, რომელიც დაკავშირებულია რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვა-გაცილებასთან და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებზე.