შემოსავლების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო ღონისძიებებზე განმარტებას აკეთებს
შემოსავლების სამსახური კორონავირუსთან დაკავშირებით საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო ღონისძიებებზე განმარტებას აკეთებს

საერთაშორისო მიმოსვლისთვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ახორციელებენ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები, რომლებსაც აქვთ ზოგადი პროფილის ექიმი პროფილაქტიკოსის, ექიმი ეპიდემიოლოგის ან ექიმი ჰიგიენისტის კვალიფიკაცია, – ამის შესახებ  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მამუკა ჯანგულაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე ეტაპზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს ევალება, რისკ ჯგუფის ქვეყნებში (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია) გადაადგილებული ყველა მგზავრის/საავტომობილო საშუალების მძღოლის თერმოსკრინინგი და საჭიროების შემთხვევაში მათ მიმართ მგზავრის სააღრიცხვო ბარათის (დანართი N9) შევსება.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დაავადების გამოვლენის შემთხვევაში და მასზე რეაგირებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების კუთხით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, (მათ შორის პორტებსა და აეროპორტებში) შემოსავლების სამსახურის ეპიდემიოლოგების მიერ ხდება მგზავრთა (მათ შორის ტრანზიტული), ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს მგზავრთან გასაუბრებას, ტემპერატურის გაზომვას, სათანადო კლინიკური ნიშნების შეფასებას და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას.
მაღალი ტემპერატურის, გამოხატული კლინიკური ნიშნების ან სხვა საეჭვო გარემოებების გამოვლენისას შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგი ავსებს რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრის სააღრიცხვო ბარათს (დანართი N9) და დადგენილი წესის თანახმად, ინფორმაციას აწვდის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. ქვეყანაში შემოსული მგზავრის რისკის პირველადი შეფასების შემდეგ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება მგზავრის იზოლაციისა და სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაყვანის თაობაზე“ ,- განაცხადა მამუკა ჯანგულაშვილმა.

ჯანგულაშვილი ამბობს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტზე განთავსებულია ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე დამზადებული საინფორმაციო ბანერები, რომლებიც შეიცავენ რეკომენდაციებს კორონავირუსის გავრცელებისა და პრევენციის შესახებ.

„ამასთან, რისკის ჯგუფის ქვეყნებიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ეძლევა თვითიზოლაციის რეკომენდაცია (კონტაქტების შეზღუდვა და დანართში მითითებულ საცხოვრებელ მისამართზე ყოფნა მინიმუმ 14 დღის განმავლობაში). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მგზავრები იქნებიან ეპიდემიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ“ ,- განაცხადა მამუკა ჯანგულაშვილმა.

ამასთან, მამუკა ჯანგულაშვილის ინფორმაციით, დაწესდა გარკვეული შეზღუდვები იმ პირთა გადაადგილებაზე, რომლებიც ბოლო ორი კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.

„იმ შემთხვევაში, თუ პირი არის საქართველოს მოქალაქე, მას არ ეზღუდება ქვეყანაში შემოსვლა. ასეთ შემთხვევაში მგზავრი/ მძღოლი ექვემდებარება თერმოსკრინინგს. ტემპერატურის ნორმაზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, ასეთი მოქალაქე ექვემდებარება კლინიკაში გადაყვანას, ხოლო თუ ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია, პირის მიმართ გავრცელდება სავალდებულო კარანტინი. ზომოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კომპეტენციის ფარგლებში და დაგენილი წესით, მუდმივად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას“, – განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.