პირები, რომლებსაც 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ხელფასი არ მიუღიათ, 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ
პირები, რომლებსაც 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ხელფასი არ მიუღიათ, 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

პირები, რომლებსაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვს საქმიანობა, მაინც მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

კერძოდ, როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, კომპენსაციის გაცემის ხელისშემშლელ გარემოებად აღარ განიხილება 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში ხელფასის ჩარიცხვა.

„შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ, მიღებულ დადგენილებაში შესული ცვლილების შედეგად, კიდევ უფრო გაფართოვდა ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე.

კერძოდ, პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, აღნიშნული ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას.

დღევანდელი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ, 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ პირველადი ელექტრონული განაცხადების წარდგენა 3 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ინფორმაციის დაზუსტება, 28 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს, გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დადგენილ ვადებში მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.