შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები დროულად წარადგინონ
შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს მოუწოდებს, დაქირავებით დასაქმებულთა შესახებ მონაცემები დროულად წარადგინონ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებელ კომპანიებს შეახსენებს, რომ მათ ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში, უნდა წარადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, დაახლოებით 20 000-მდე დამსაქმებელს უკვე აქვს წარდგენილი ინფორმაცია 78 000 დასაქმებულის შესახებ, თუმცა სამსახურის მონაცემებით, ეს რიცხვი გაცილებით მეტი უნდა იყოს.

„შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებლებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამქირავებლის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ამოწმებს, აკმაყოფილებს თუ არა დასაქმებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის გაცემის პირობას, ადგენს შესაბამის პირთა ნუსხას და ორი დღის ვადაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას“, – ნათქვამია შემოსავლების განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული სააგენტოს მიერ კომპენსაციის გაცემის პროცედურა, მონაცემების დამუშავებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში მოხდება. დაქირავებით დასაქმებული პირისთვის კუთვნილი კომპენსაციის მიღება მხოლოდ საბანკო ანგარიშზე განხორციელდება.

პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირზე კომპენსაცია განისაზღვრება თვეში 200 ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან (04.05.2020 წელი) ექვსი თვის განმავლობაში.