შემოქმედის ეპარქიაში აცხადებენ, რომ სასულიერო პირებმა სოფელ ბუკნარში მოსახლეობას გადასცეს მეუფის ლოცვა-კურთხევა, რომ დაპირისპირება და ძალადობა არ შეიძლება, მოქალაქეებმა უნდა შეძლონ თანაცხოვრება
შემოქმედის ეპარქიაში აცხადებენ, რომ სასულიერო პირებმა სოფელ ბუკნარში მოსახლეობას გადასცეს მეუფის ლოცვა-კურთხევა, რომ დაპირისპირება და ძალადობა არ შეიძლება, მოქალაქეებმა უნდა შეძლონ თანაცხოვრება

სასულიერო პირები, მეუფის ლოცვა-კურთხევით, მაშინვე ​ჩაბრძანდნენ სოფელ ბუკნარში, შეხვდნენ მოსახლეობას და გადასცეს მეუფის ლოცვა-კურთხევა, რომ არანაირი დაპირისპირება, ძალადობა არაფრით არ შეიძლება, მათ ერთად უნდა შეძლონ თანაცხოვრება, – ამის შესახებ შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ბასილი გოგოტიშვილმა განაცხადა.

„ვიცით, რომ დაპირისპირება მოხდა სოფელ ბუკნარში ქრისტიან მრევლს, გურულ მოსახლეობასა და აჭარელ მოსახლეობას შორის, რომლებიც არიან მუსლიმი თემის წარმომადგენლები. ეს დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ იქ მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა შეიძინეს სახლი და გაჟღერდა, რომ მათ უნდოდათ იქ მეჩეთის აშენება. ამან გამოიწვია მათ შორის დაპირისპირება. ჩვენ როგორც კი გავიგეთ ამის შესახებ, სასულიერო პირები, მეუფის ლოცვა-კურთხევით, მაშინვე ​ჩაბრძანდნენ სოფელ ბუკნარში. მღვდლები, დედები შეხვდნენ მოსახლეობას და გადასცეს მეუფის ლოცვა-კურთხევა, რომ არანაირი დაპირისპირება, არანაირი ძალადობა არაფრით არ შეიძლება. მათ ერთად უნდა შეძლონ თანაცხოვრება, ერთად თანამყოფობა და მიეცეს საშუალება, რომ მუსლიმმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებლურმა მრევლმა გააგრძელოს ლოცვა იმ ტაძარში, რომელიც არსებობს ამ სოფელში“, – განაცხადა დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა.