შემოდგომაზე საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინრების გადამზადების პროგრამა დაიწყება
შემოდგომაზე საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების ინჟინრების გადამზადების პროგრამა დაიწყება

საქართველოში შემოდგომაზე ახალი პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებში საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) 3 000 ინჟინერი გადამზადდება, რისთვისაც მსოფლიო ბანკმა 3 000 000 აშშ დოლარი უკვე გამოყო.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის ინფორმაციით, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიო ბაზრის შესწავლის საფუძველზე საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტების დეფიციტია, სწორედ ამიტომ სააგენტომ გადაწყვიტა, აღნიშნული პროფესიის ადამიანების კვალიფიკაცია აამაღლოს.

„ჩვენ ბაზარზე არსებული მოთხოვნა გავაანალიზეთ, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს არ გააჩნია საზღვრები. საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში დასაქმებისთვის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა აუცილებელი არ არის. შეგიძლია, ცხოვრობდე საქართველოში, ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში და ისე მუშაობდე სხვადასხვა განვითარებული ქვეყნის წამყვანი კომპანიების დაკვეთებზე, მთავარია, გქონდეს წვდომა მაღალსიჩქარიან ინტერნეტ ინფრასტრუქტურასთან. ამის გათვალისწინებით, ჩვენი პროექტი დაგეგმილია ისე, რომ გადავამზადოთ საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრები“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.

ავთანდილ კასრაძის განცხადებით, პროგრამა არ ეხება საინფორმაციო ტექნოლოგიების დამწყებ სპეციალისტებს,

„პროგრამის ბენეფიციარებს უკვე უნდა ჰქონდეთ საბაზისო ცოდნა. გადამზადების შემდეგ თითოეულის საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდაზე უფასოდ გასვლას უზრუნველვყოფთ. ეს კვალიფიკაციის დასადგენად ძალიან მნიშვნელოვანია.  სერტიფიკატით მათ გაუადვილდებათ საერთაშორისო კომპანიებში დასაქმება.  ველით, რომ ისინი იცხოვრებენ საქართველოში, შესაბამისად, ეს არის ცოდნის ექსპორტი ქვეყნიდან გაუსვლელად, სადაც ქართულ ეკონომიკაში შემოდის ფული. ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადია“, – აღნიშნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.

მისი ინფორმაციით. საქართველოში დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების 7 500-დან 12 500-მდე სპეციალისტია. ვინაიდან გადამზადების პროგრამა 3000 ადამიანზეა გათვლილი,  პროგრამის ბენეფიციარები გამოცდით შეირჩევიან.

„პარალელურად შეიქმნება რეესტრი, სადაც პროფესიონალები აღირიცხებიან, რათა დასაქმებაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, გადამზადების პროგრამის განმახორციელებლის შესარჩევად ტენდერი რამდენიმე კვირაში გამოცხადდება და მასში მონაწილეობა როგორც უცხოურ, ასევე ქართულ კომპანიებს შეეძლებათ.

„ამ სფეროში მოთხოვნა ბევრად მეტია, ვიდრე მიწოდების რესურსი. შესაბამისად მოთხოვნა უფრო და უფრო გაიზრდება და გვსურს,  ამ მოთხოვნას მაღალკვალიფიციური კადრებით დავხვდეთ. რამდენიმე კვირაში გამოვაცხადებთ ტენდერს, მსოფლიო ბანკთან, განათლების სამინისტროსთან და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, სადაც მოვუწოდებთ ქართულ კომპანიებს, შემოიტანონ განაცხადი. თუმცა ეს არის საერთაშორისო ტენდერი, ჩვენ მივიღებთ ძალიან ბევრი უცხოური კომპანიის განაცხადსაც, გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო არის ძალიან დიდი მოთხოვნით – 3000 პროფესიონალი ორ წელიწადში გადამზადდეს“, – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მსგავსი მასშტაბის მოთხოვნის დაკმაყოფილების ინფრასტრუქტურული რესურსი ცალკე აღებულ არც ერთ ქართულ კომპანიას არ აქვს.

„შესაბამისად, მოვუწოდებთ მათ, მაქსიმალურად შეკრან კონსორციუმები, გაერთიანდნენ, რომ უფრო მძლავრად იყვნენ წარმოდგენილი საერთაშორისო ტენდერში. ტრეინინგები შემოდგომიდან დაიწყება” – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ.